ტომ სოიერი
თავი მეორე
გათენდა შააბათი დილა. სიცოცხლით მჩქეფარე ზაფხლის ბუნებას მხიარული ელფერი დასდებოდა. ყველას გული უმღეროდა. ახალგაზრდების გულში კი ეს სიმღერა ვეღარ ეტეოდა და მათ ბაგეთაგან საამო ჰანგებად იფრქვეოდა. სახე ყველას სიხარულით გაცისკროვნებოდა, გაზაფხული იგრძნობოდა თვით ადამიანის ყოველ ნაბიჯში. ჰაერი აყვავებული აკაციის სურნელით იყო გაჟღენთილი. მწვავედ აბიბინებული კარდიფის გორაკი ქალაქს ზემოდან გადმოჰყურებდა. შორიდან აღთქმულ ქვეყანას მოგაგონებდათ, იმდენად მომხიბლავი, მყუდრო და მიმზიდველი იყო იგი.
ტომი გამოვიდა სახლიდან. ხელში ეჭირა წყალში გახსნილი კირით სავსე ვედრო და გრძელტარიანი ჯაგრისი. როცა თვალი შეავლო მაღალ მესერს, იმწამსვე გაქრა სიხარული და მის გულს ღრმა მწუხარება დაეუფლა; ხუმრობა საქმე ხომ არ იყო ოცდაათი იარდის სიგრძისა და ცხრა ფუტის სიმაღლის მესერის გათეთრება?! სიცოცხლე უაზრობად და არსებობა მძიმე ტვირთად მოეჩვენა. ოხვრით დაასველა ჯაგრისი კირში და ზედა ფიცარს დაუწყო წასმა; რამდენჯერმე გაიმეორა და შეჩერდა. რა იყო ეს შეთეთრებული წვრილი ზოლი მესერის უსასრულო სივრცესთან შედარებით! დაღონებული იქვე ღობესთან ხის ძირას ჩამოჯდა. ამ დროს ეზოდან ხტუნვა-ხტუნვით და ღიღინით გამოვიდა ზანგი ჯიმი თუნუქის ვედროთი ხელში. წყლის მოტანა ქალაქის საერთო ჭიდან ტომს უმძიმეს საქმედ მიაჩნდა, მაგრამ ახლა სიამოვნებით შეასრულებდა ამ სამუშაოს. მას გაახსენდა, რომ ჭასთან მუდამ ბევრი ხალხი იყრიდა თავს: ზანგი, მულატი, თეთრკანიანი ბიჭები და გოგონები. უცდიდნენ თავიანთ რიგს, ჩხუბობდნენ, ერთმანეთს სათამაშოებს უცვლიდნენ, ჭიდაობდნენ, ერთობოდნენ. ისიც გაახსენდა, რომ თუმცა ჭა შორს არ იყო, სულ ასორმოცდაათი ნაბიჯი თუ იქნებოდა, მაგრამ ჯიმი თითქმის ყოველთვის იგვიანებდა მთელს საათს; უთუოდ ვინმე უნდა გაეგზავნათ მის დასაძახებლად. ტომმა უთხრა:
- გამიგონე, ჯიმ, გინდა, მე წავალ წყალზე შენს მაგიერ და შენ კი მანამდე ეს მესერი ცოტათი გაათეთრე.
ჯიმმა თავი გააქნია.
- არ შემიძლია, ტომ! ქალბატონმა მიბრძანა, ჩქარა მოიტანე წყალი, გზაზე, გზაზე არ შეჩერდეო, არავის დაელაპარაკო, ვიცი, ტომი გთხოვს მესერის გათეთრებას, მაგრამ არ გავედო, არ გაუგონო, შენ შენი გზით წადიო; ისიც თქვა: მე თვითონ წავალ და ვნახავ, როგორ ათეთრებსო.
- რა ვუყოთ, რომ ასე თქვა, ჯიმ? იმან ყოველთვის ეგრე იცის, რას უგედ ყურს. მომეცი ეგ ვედრო, ერთი წუთით ჩავირბენ, ის ვერც კი გაიგებს.
- ვაი, მეშინია, ტომ, მოხუცი ქალბატონისა მეშინია. ტყავს გამაძრობს, შავ დღეს დამაყრის.
- ისა? ის თითსაც არავის ახლებს. დიდი საქმეა, თუ სათითე ჩაგკრა რამდენჯერმე! მერე ეგ რა არის! მართალია, ძალიან ილანძღება, მაგრამ ლანძღვა რას დააკლებს, ისევ თვითონ ატირდება. გამოგონე, ჯიმ, ჩემს მარმარილოს ბურთულას მოგცე. თეთრ ბურთულას.
ჯიმი შეყოყმანდა.
- თეთრ მარმარილოს ბურთულას, ჯიმ, შესანიშნავ ბურთულას!
- მართლაც რომ მშვენიერია, ტომ, მაგრამ მოხუცი ქალბატონისა ძალიან მეშინია.
- თანაც თუ გინდა, ნატკენ ცერს გიჩვენებ ფეხზე.
ჯიმიც ხომ ადამიანი იყო და ცთუნებას ვეღარ გაუძლო. ვედრო დადგა მიწაზე, გამოართვა თეთრი მარმარილოს ბურთი, თანაც ცნობისმოყვარეობით დაჰყურებდა, როგორ იხსნიდა ტომი სახვევს ცერიდან, მაგრამ წუთსაც არ გაევლო, რომ ისევ დააცხრა ვედროს და კისრის ქექვით მოუსვა: ტომმა მუყაითად განაგრძო მესერის გათეთრება. დეიდა პოლი კი ძლევამოსილი დაბრუნდა შინ ბრძოლის ველიდან.
მაგრამ ტომს მუყაითობა დიდხანს არ შერჩენია. მისი გონება გაიტაცა იმაზე ფიქრმა, თუ რა მხიარულად აპირებდა დღევანდელი დღის გატარებას და დარდი უფრო შემოაწვა გულზე. მალე თავისუფალი ბიჭები ჩამოივლიან. ცხადია, ათასნაირი თამაშობა ექნებათ მოფიქრებული და როგორ დასცინებენ, როცა დაინახავენ, რა მძიმე სამუშაოს ასრულებს. ეს ფიქრი აძლევდა მოსვენებას, ჩაიყო ჯიბეში ხელი და ამოყარა რაც ეწყო: სათამაშოების ნატეხები, ნაირ-ნაირი კენჭები და ბევრი სხვა რამ. მაგრამ ამით ვერ იყიდდა სრულ თავისუფლებას ნახევარი საათითაც კი. ტომმა ისევ ჯიბეში ჩაიყარა მთელი თავისი სიმდიდრე და თავი დაანება ამხანაგების მოსყიდვაზე ფიქრს. ამ წუხილისა და უიმედობის დროს უცებ გაუელვა აზრმა, სწორედ გენიალურმა აზრმა. ტომმა დამშვიდებით განაგრძო მუშაობა. შორიდან გამოჩნდა ბენ როჯერსი, რომლის დაცინვისაც ყველაზე მეტად ეშინოდა ტომს. ბენი კი არ მოდიოდა, მოხტოდა; ეტყობოდა, გული არხეინად ჰქონდა და დღევანდელი დღისაგან ბევრს სასიამოვნოს მოელოდა. ბენი ვაშლსა კბეჩდა, დროდადრო მელოდიურად უსტვენდა და თან დაბალ ხმაზე აყოლებდა: “დინ-დონ-დონ, დინ-დონ-დონ”, რადგან თავისი თავი დიდ ხომალდად წარმოედგინა. ტომს რომ მიუახლოვდა, სვლას უკლო, გადავიდა ქუჩის შუაგულზე, მარჯვნივ გადაიხარა, ნელ-ნელა დაიწყო მობრუნება დიდი გულმოდგინებითა და მედიდურობით: ხუმრობა ხომ არ იყო, ის იმ დროს განასახიერებდა ხომალდს - “დიდი მისური”, რომელიც წყალში ცხრა ფუტის სიღრმეზე ჩამჯდარიყო. ერთსა და იმავე დროს ის ხომალდიც იყო, კაპიტანიც, გემის საყვირიც, ასე რომ, მას თავი წარმოედგინა საკუთარ გემზე, ბრძანებასაც თვითონ იძლეოდა და თვითონვე ასრულებდა.
- შეჩერდი! ტინ-ლინ-ლინ, ტინ-ლინ-ლინ!
გემი თანდათანობით მოშორდა ზღის შუაგულს და ნაპირისკენ გაემართა.
- უკანა სვლით! ტინ-ლინ-ლინ! - ორივე ხელი ჩაუშვა და გაიჭრა.
- უკანა სვლით! საჭე მარჯვნივ! ტინ-ლინ-ლინ! ჩშშ-ჩშშ-ჩშშ!
მარჯვენა ხელით ჰაერში დიდი წრე შემოხაზა, რადგან ახლა ორმოცფუტიან ბორბალს განასახიერებდა.
- საჭე მარცხნივ! ტინ-ლინ-ლინ!.. ჩშშ-ჩშშ-ჩშშ!
ახლა მარცხენა ხელით შემოავლო ისეთივე წრეები.
- შეჩერდი! ტინ-ლინ-ლინ! ნუ ჩქარობ! შეჩერდი! ნელი სვლა, ტინ-ლინ-ლინ! გადააგდეთ ბაგირი! ცოცხლად! ჰეი, შენ, ნაპირზე! რასა დგეხარ? დაიჭი ბაგირი! ყულფი გამოაბი მარგილს! გაჭიმე! მოუშვი! მანქანა გაჩერდა, ბატონო! ტინ-ლინ! შ...შ...შ...შ... - მანქანამ ორთქლი გამოუშვა.
ტომი ღებავდა ღობეს და ყურადღებას არ აქცევდა გემს. ბენი გაკვირვებული მიაჩერდა ტომს, ბოლოს უთხრა:
- ჰეი, ხომ შეუბამთ თოკი მოზვერივით!
პასუხი არ მიუღია, ტომი მხატვარივით შეჰყურებდა თავის ნამუშევარს, ერთი კიდევ მოუსვა. ჯაგრისი - მსუბუქად და უკან დაიწია შესამოწმებლად, ბენი ახლა პირისპირ დაუდგა. ტომს ნერწყვი მოუვიდა ვაშლის დანახვაზე, მაგრამ ვითომ ვერ დაინახა, ისე გულმოდგინედ განაგრძო მუშაობა.
ბოლოს, ბენმა უთხრა:
- გამუშავებენ, ძამია?
ტომი ერთბაშად შემოტრიალდა მისკენ.
- ა, ეს შენა ხარ, ბენ? ვერც კი დაგინახე.
- გამოგონე. საბანაოდ მივიდვარ, შენ არ გინდა? თუმცა რანაირად, შენ ხომ უნდა იმუშაო? რასაკვირველია, უნდა იმუშაო.
ტომმა შეხედა და ჰკითხა:
- რას ეძახი მუშაობას?
- განა ეგ მუშაობა არ არის?
ტომმა განაგრძო თავისი საქმე და თან დაუდევრად უთხრა:
- იქნებ მუშაობა იყოს და იქნებ არც იყოს. ყოველ შემთხვევაში, ტომ სოიერს ეს ამბავი სიამოვნებს!
- კარგი ერთი და! ახლა შენ გინდა დამაჯერო, რომ მოგწონს კიდევაც?
ტომი განაგრძობდა მუშაობას.
- მომწონს? რატომ არ უნდა მომწონდეს? მე შენ გეტყვი და, ყოველდღე გვიხდება მესერის გათეთრება.
საქმე სულ სხვანაირად შეტრიალდა. ბენმა ვაშლის ჭამა შეწყვიტა. ტომი მსუბუქად მოუსვამდა ჯაგრისს, უკან დაიწევდა, რომ თავისი მხატვრობით დამტკბარიყო, მერე კიდევ აქა-იქ წათხუპნიდა და ცქერით ვერ ძღებოდა. ბენი მის მოძრაობას თვალს ადევნებდა და თანდათან ინტერესდებოდა. უცებ უთხრა:
- გამიგონე, ტომ, მომეცი, მეც წავუსვამ ცოტას.
ტომი დაფიქრდა, ისეთი გამომეტყველება მიიღო, თითქოს ჯერ თანხმდებოდა, მაგრამ მერე კი გადაიფიქრა:
- არა, ბენ, სულ ერთია, არაფერი არ გამოვა. საქმე ისაა, რომ დეიდა პოლი ლამის გადაჰყვეს ამ მესერს, მესერი ქუჩის მხარეს უნდა გათეთრდეს; ეზოს მხარეს რომ იყოს გასათეთრებელი, სხვა საქმეა! მაგრამ ამ შემთხვევაში ძალზე მომთხოვნია და ღობეს სიფრთხილით უნდა გათეთრება. ვფიქრობ, ათასში, ან იქნებ ორი ათას ბიჭში ერთიც კი არ აღმოჩნდეს ისეთი, რომელსაც ისე შეეძლოს გათეთრება, როგორც საჭიროა!..
- ნუთუ მართალია? მომეცი, სულ ცოტას ვცდი. მე რომ შენს ადგილზე ვიყო, წაგასმევინებდი. რას იტყვი, ტომ?
- ბენ, სიამოვნებით, მაგრამ დეიდა პოლი... აი, ჯიმსაც უნდოდა და მან ნება არ დართო, სიდმა მთხოვა - არც იმას მისცა ნება. ახლა რომ გესმის, როგორ მიძნელდება ამ საქმის მონობა? რომ დაიწყო გათეთრება და ისე არ გამოვიდეს...
- არა, გავფრთხილდები; გამომცადე, სამაგიეროდ, ვაშლის ნაჭერს მოგცემ.
- კარგი, მომეცი! მაგრამ არა, ბენ, მეშინია!
- ვაშლს მთლიანად მოგცემ, რაც დამრჩა.
ტომმა ჯაგრისი ვითომ უხალისოდ გადასცა, გულში კი ცას ეწია სიხარულისგან.
და, აი, ვიდრე ყოფილა გემი - “დიდი მისური” შრომობდა და ცხარე მზეზე ოფლში იწურებოდა, ჩვენი მხატვარი დასასვენებლად კასრზე ჩამომჯდარიყო, ფეხებს აქნევდა, ვაშლს ილუკმებოდა და მახეს აგებდა ახალ უცოდველ მსხვერპლთათვის. ასეთები კი ცოტანი როდი იყვნენ: გაგიხარიათ, ბიჭები ბლომად მოდიოდნენ იმ განზრახვით, რომ ტომი მასხრად აეგდოთ, მაგრამ გასათეთრებლად კი რჩებოდნენ.
ვიდრე ბენი მოიქანცებოდა, ტომმა უკვე მეორე ჯერი მიჰყიდა ბილი ფიშერს სრულიად ახალ ქაღალდის ფრანში, ხოლო როცა ფიშერი მოიქანცა, ის შეცვალა ჯონი მილერმა, რომელმაც ტომს მისცა მკვდარი თაგვი დაბაწარი - კუდზე მისაბმელად და საქანავებლად; ასე მთელი საათბით გაგრძელდა. ტომი თუ დილით ღარიბი და ღატაკი იყო, ახლა, ნაშუადღევს, გამდიდრდა; ზემოთ ჩამოთვლილ საუნჯეთა გარდა, მას აღმოაჩნდა: თორმეტი მარმარილოს კენჭი, გატეხილი სასტვენი, ლურჯი ბოთლის ნამტვრევი - გასაჭრელად, ცარიელი კოჭი, გამოუსადეგარი გასაღები, ცარცის ნაჭერი, შუშის საცობი, კალის ჯარისკაცი, წყვილი თავკომბალა, ექვსი სატკაცუნებელი, კარის სპილენძის სახელური, ძაღლის ყელსაბამი, - თუმცა ძაღლი არსად ჩანდა. დანის ტარი, ოთხი ფორთოხლის ქერქი და სარკმლის ძველი ჩარჩო.
ტომს არაფერი გაუკეთებია, მშვენივრად გაატარა დრო დიდ საზოგადოებაში, მესერსაც სამი ფენა კირი წაესვა. კირი რომ ჰყოფნოდა, ალბათ, იმ ქალაქის ბიჭებს სათამაშობს აღარ შეარჩენდა.
ტომმა გულში გაიფიქრა, ცხოვრება არცთუ ისე უაზრო ყოფილაო. თავისდა უნებურად აღმოაჩინა ცხოვრების დიდი კანონი, რომელიც განსაზღვრავს ადამიანთა მოქმედებას: როცა მოზრდილს ან ბავშვს რაიმე ნივთის შეძენის დიდი სურვილი გაუჩნდება, საჭიროა ეს უკანასკნელი ძნელი საშოვნელი გახდეს. ტომი ისეთივე დიდი და ბრძენი მოაზროვნე რომ ყოფილიყო, როგორც ამ წიგნის ავტორია, იგი ასეთ დასკვნას გააკეთებდა: მუშაობა არის ის, რაც ადამიანს ევალება, გართობა კი ის არის, რის გაკეთებაც ადამიანს არ ევალება. გაერკვეოდა იმაშიც, რომ ქაღალდის ყვავილების გაკეთება, ან წინსქვილის ქვის დატრიალება მუშაობაა, ხოლო კეგლის წაქცევა და მონბლანდზე ასვლა - გართობა. ინგლისში მოიძებნებიან მდიდარი ჯენტლმენები, რომლებიც ზაფხულში ოთხცხენიანი ეტლებით მიემგზავრებიან ოცი-ოცდაათი მილის მანძილზე მხოლოდ იმიტომ, რომ ეს კეთილშობილი გართობა დიდი ფული უღირთ; მაგრამ ამ საქმეში ხელფასს რომ აძლევდნენ, გართობა მუშაობად იქცეოდა და მას უმალ თავს დაანებებდნენ.
ტომი კიდევ რამდენიმე ხანს ფიქრობდა იმ მნიშვნელოვან ცვლილებაზე, რომელიც მის ცხოვრებაში მოხდა. შემდეგ კი გაემართა მთავარ შტაბში, რათა სამუშაოს დამთავრება ეუწყებინა.
Comments
Post a Comment